2020 წლის 8 დეკემბერს, „ინტერნიუსი-საქართველოს“ ინიციატივით ჩატარდა პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი“ მესამე წლის ონლაინ დასკვნითი შეხვედრა. პროექტი ხორციელდება ინტერნიუსის და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს SIDA დაფინანსებით და ხელს უწყობს მედიაორგანიზაციებს განახორციელონ აუდიტორიის საინფორმაციო საჭიროებებზე მორგებული ინიციატივები, მიიღონ ინოვაციური გადაწყვეტილებები, გაზარდონ აუდიტორიაზე წვდომა, გააუმჯობესონ კონტენტი და ფინანსური მდგრადობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ, დონორი ორგანიზციის წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორი მედიასაშუალებები, კონსულტანტები და პროექტების შემრჩევი კომისიის წევრები. შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯამეს პროექტის შედგები, გამოწვევები და გაუზიარეს ერთმანეთს პროექტიდან მიღებული გამოცდილება.
ხატია ჯინჯიხაძემ (ფონდი ღია საზოგადოება საქართველო) მიმოიხილა საქართველოში არსებული მედია გარემო და ყურადღება გაამახვილა 2020 წლის ორ მთავარ გამოწვევაზე: COVID-19 და საპარლამენტო არჩევნები. აღინიშნა, რომ ამ გმოწვევების ფონზე მედია ორგანიზაციებმა ერთის მხრივ შეძლეს ახალ რეალობასთან სწრაფი ადაპტირება და პანდემიასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება, ხოლო მეორეს მხრივ ვერ დაიცვეს თავი მზარდი პოლარიზაციისგან, რაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გამძაფრდა.
პროექტის პარტნიორებმა (ფონდი „ინდიგო“, რადიო „ამბროლაურის ხმა“, „ბორჯომი ტვ“, „გურჯაანი ტვ“, „ტვ 25“ და „მე-9ე არხი“) გაუზიარეს შეხვედრის მონაწილეებს პროექტის შედეგები და წარმატების მაგალითები, რასაც პროექტით დაგეგმილი კონსულტაციებით მიაღწიეს: „პროექტი დაგვეხმარა მოგვემზადებინა სარეკლამო კონტენტი და საგრძნობლად გაგვეზარდა ჩვენი აუდიტორია“ – ნატა ძველიშვილი (ფონდი „ინდიგო“); „კონსულტაციებიდან მიღებული ცოდნა, ჩვენთვის, როგორც რეგიონის ერთადერთი მედიასაშუალებისთვის იყო ძალიან სასარგებლო. პროექტის დახმარებით შვიძინეთ ცოდნა ვებ და სოციალური პლატფორმების მრავალფუნქციური შესაძლებლობების შესახებ და შევქმენით კონტენტი, რომელმაც მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის გარდა პირდაპირი გავლენა იქონია ადგილობრივ მოსახლეობაზე“ – ნინო სოხაძე (რადიო „ამბროლაურის ხმა“); „კონსულტანტებმა შეცვალეს ჩვენი შეხედულებები და აზროვნება კონტენტის წარმოების და მომხმარებელთა მოზიდვის მიმართულებით, რაც გახდა ჩვენი წარმატების საწინდარი“- ნინო სამნიაშვილი („გურჯაანი ტვ“); „პროექტში მონაწილეობამ მოგვცა შესაძლებლობა შეგვექმნა „ქალების ბლოგი“ და გაგვეშუქებინა გენდერულად სენსიტიური თემები, ასევე გაგვეძლიერებინა კონტენტ მარკეტინგის უნარჩვევები“ – მარინა კუპატაძე („ბორჯომი ტვ“).
შეხვედრის დასასრულს შეჯერდა მიმართულებები, რომლებიც მედია ორგანიზაციებმა პროექტებში ჩართულობით განავითარეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მედიის გაძლიერებულ როლზე საზოგადოებრივი ინტერესების სადარაჯოზე (“watchdog”), საგანმანათლებლო ფუნქციის შეთავსებაზე, აუდიტორიასთან დაახლოებაზე, მედიებში სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებაზე მარკეტინგის კუთხით და რეგიონული მედიების განსაკუთრებულ როლზე პანდემიის პირობებში.