“ინტერნიუსი – საქართველოს” ახალი კონკურსი რეგიონული მედიის მხარდასაჭერად

„ინტერნიუსი – საქართველო“, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს ახალ პროექტს „რეგიონული მედიის სარედაქციო და ტექნოლოგიური მხარდაჭერა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაღალხარისხოვანი გაშუქების მიზნით“.

პროექტი რეგიონულ მედიასაშუალებებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, ადგილობრივი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამებისა და რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარების მათი ხედვის  შესახებ, ჟურნალისტური მასალების მომზადებასა და გავრცელებაში დაეხმარება.

„ინტერნიუსი – საქართველო“, საკონკურსო წესით, მყარი პროფესიული რეპუტაციის მქონე, 10 რეგიონულ მედიასაშუალებას შეარჩევს. გამარჯვებული მედიაკომპანიები ქვეგრანტებს (თითოეული მედია მაქსიმუმ 12 000 ლარის ოდენობით) მიიღებენ. კონკურსში მონაწილეობას რეგიონული ტელე, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედიაკომპანიები შეძლებენ.

მიღებული გრანტების გამოყენებით შერჩეული რეგიონული პარტნიორები სხვადასხვა ფორმატის (თოქ-შოუ, ვრცელი ვიდეო ან აუდიო სიუჟეტი, სტატია, ფოტო-მასალა, სოციალური ვიდეო ან სხვა ინტერაქციული მულტიმედიური ფორმატის მასალა) ვრცელ ჟურნალისტურ მასალებს (თითოეული 8 მასალას) მოამზადებენ.

შერჩეული მედიაორგანიზაციები მიიღებენ სარედაქციო მხარდაჭერას, რაც მათ პროექტის ფარგლებში მოსამზადებელი ვრცელი მასალების მომზადებაში და პოლიტიკოსებთან შეხვედრის ორგანიზებაში დაეხმარება; ამასთან, აუდიტორიასთან წვდომის გაზრდის მიზნით, „ინტერსიუსი – საქართველოს“ მიერ შერჩეული ექსპერტები მათ კონსულტაციას გაუწევენ პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალის გაზიარებისა და აუდიტორიასთან  წვდომის საკითხებზე.

ქვეგრანტის ხანგრძლივობა 4 თვეა. 

საკონკურსო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 21 აგვისტო, 18:00 საათი

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია, სააპლიკაციო ფორმა და საილუსტრაციო ბიუჯეტის ფორმა იხილეთ ქვემოთ:

კონკურსის პირობები

სააპლიკაციო ფორმა

საილუსტრაციო ბიუჯეტის ფორმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *