კონკურსი საქართველოში ოთხი მედიაპარტნიორის შესარჩევად

პროექტი „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი (AI/AU)“

“ინტერნიუსი-საქართველო” აცხადებს კონკურსს საქართველოში ოთხი მედიაპარტნიორის შესარჩევად, რომელიც ხორციელდება ოთხწლიანი პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი” (AI/AU) ფარგლებში.

 პროექტის მიზანია გაიზარდოს მოქალაქეთა წვდომა მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, გაძლიერდეს მედიასაშუალებების მდგრადობა და მედიასა და აუდიტორიას შორის კავშირი. ამ მიზნით პროექტი განახორციელებს აქტივობებს, რომლებიც საშუალებას მისცემს მედიაორგანიზაციებს უკეთ შეისწავლონ აუდიტორიის საჭიროებები, მოამზადონ ჟურნალისტური კონტენტი აუდიტორიის საჭიროებებზე ორიენტაციით და გაზარდონ ფინანსური მდგრადობა.

პროექტის აქტივობები ხელს შეუწყობს ჟურნალისტური კონტენტის ხარისხის გაუმჯობესებას და მედია საშუალებების ფინანსურ მდგრადობას აუდიტორიის მოთხოვნების უკეთ შესწავლის და ანალიზის გზით.

2019 წლის მარტში “ინტერნიუსი-საქართველო” საკონკურსო წესით შეარჩევს ოთხ მედიაპარტნიორს (ერთ ცენტრალურ და სამ ადგილობრივ მედიაორგანიზაციას).

პროექტის პარტნიორ მედიაორგანიზაციებს ადგილზე ჩაუტარდებათ  კონსულტაციები და ტრენინგები აუდიტორიის გაზომვისა და ანალიზის, ასევე მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარების მიზნით.  კონსულტაციებს ჩაატარებენ მაღალკვალიფიცირებული ადგილობრივი ტრენერები და ვებ ექსპერტები. ისინი ეწვევიან მედიასაშუალებებს და ადგილზე გაუწევენ კონსულტაციას, ასევე ონლაინ მენტორინგს. ექსპერტები დაეხმარებიან მედიაორგანიზაციებს გაზომონ და შეისწავლონ ვებაუდიტორია და შეიმუშაონ მონაცემებზე დაფუძნებული ინოვაციური მიდგომები აუდიტორიასთან ინტერაქციის, ჟურნალისტური მასალების მომზადების და ფინანსური მონეტიზაციის კუთხით. კონსულტაციები მედიაორგანიზაციებში (14 დღე) და ონლაინ მენტორინგი (5 დღე) განხორციელდება აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით.

მარტში, ინტერნიუსი საქართველო გამოაცხადებს მცირე გრანტების კონკურსს, რათა პარტნიორმა მედიაორგანიზაციებმა გაზარდონ ნიშურ აუდიტორიებზე (მათ შორის მოწყვლად ჯგუფებზე) წვდომა და განახორციელონ აუდიტორიასთან ინტერაქციის, ჟურნალისტური მასალების მომზადების და ფინანსური მონეტიზაციის ინოვაციური პროექტები. მინიმუმ ერთი პროექტი მიზნად ისახავს ქალებისა და გოგონების საინფორმაციო საჭიროებების გაშუქებას. მცირე გრანტის ოდენობაა 4,500 ბრიტანული ფუნტი (გაიცემა ეროვნულ ვალუტაში შესაბამისი კურსით). კონკურსში მონაწილეობას პროექტის პარტნიორები მიიღებენ. (თუ პარტნიორი მედიაორგანიზაციები არასრულყოფილ საგრანტო განაცხადს წარმოადგენენ, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება და მასში მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან არა მარტო პროექტის პარტნიორი, არამედ სხვა დაინტერესებული მედიაორგანიზაციები.)

ქართულ ენაზე შევსებული ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 15 მარტი 18:00.  განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელ. ფოსტით, მისამართზე shorena@internews.ge

კონკურსის პირობების სანახავად და ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს – კონკურსის პირობები და სააპლიკაციო ფორმა

საკონტაქტო პირი: შორენა ქოჩიაშვილი, პროექტის დირექტორი, ელ. ფოსტა: shorena@internews.ge, მობ. ტელეფონი: 595 350003 ან ირინა სამხარაძე, პროექტის ასისტენტი, ელ.ფოსტა: irina@internews.ge, მობ. ტელეფონი: 599553498.

ინტერნიუსი – საქართველოს პროექტი “ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი” განხორციელდება ინტერნიუსთან ერთად (Audience Understanding and Digital Support Project) და შვედეთის დაფინანსებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *