ახალი პროექტი დასავლური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობას გაზრდის

ინტერნიუსი-საქართველოს ახალი პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში” პრეზენტაცია 24 იანვარს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართა.

პროექტი, რეგიონული მედიაორგანიზაციების მხარდაჭერის გზით, დასავლური ინტეგრაციის შესახებ მოსახლების ინფორმირებულობის გაზრდას ითვალისწინებს.

როგორც პრეზენტაციაზე ინტერნიუსი-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, გენადი უჩუმბეგაშვილმა განაცხადა “ახალი პროექტი, გარდა იმისა, რომ ადგილობრივ მედიას დაეხმარება, გაზრდის აუდიტორიის ინფორმირებულობას, მის ჩართვას ისეთ მნიშვნელოვან პროცესში, როგორიცაა დასავლეთთან ინტეგრაცია”

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის ნინო ბოლქვაძის თქმით „რაც არ უნდა ეფექტურად ვაწარმოოთ პირდაპირი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, თუ მედია არ იდგება ჩვენს გვერდით, თუ მოსახლეობას არ მივაწოდეთ სწორი ინფორმაცია – თუ რა სიკეთეები მოაქვს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას, უბრალოდ ვერ ვიქნებით წარმატებულები”

პროექტის ფარგლებში საკონკურსო გზით შერჩეულ რეგიონულ მედიაორგანიზაციებს ინტერნიუსი-საქართველო მცირე გრანტებით დაეხმარება. მედიაპარტნიორები, ინტერნიუსი-საქართველოს რედაქტორებთან ერთად იმუშავებენ და ადგილობრივი ინტერესების გათვალისწინებით, სხვადასხვა ფორმატის ჟურნალისტურ მასალებს მოამზადებენ ევროკავშირის, ნატოს, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ.

პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება.
კონკურსის პირობების სანახავად და განაცხადის შესავსებად მიჰყევით ბმულს:
http://internews.ge/?p=559&fbclid=IwAR0t9MHT_Evey7Qf4JsdT9WEd0EV_DjmCb2NeQ8LbDWDH0wFK23-bmhPU9c

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *