ახალი პროექტის პრეზენტაცია

24 იანვარს, 13:00-ზე, ქორთიარდ მარიოტში ინტერნიუსი-საქართველოს ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი ევროკავშირისა და ნატოს საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით და აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

 “ინტერნიუსი – საქართველო”,  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით, იწყებს მასშტაბური პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში” მედია კომპონენტის განხორციელებას. კომპონენტის მიზანია რეგიონული, დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებით და ხარისხიანი ჟურნალისტიკის მხარდაჭერით მოსახლეობაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობის და ჩართულობის გაზრდა.  პროექტს აშშ-ს  სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს.

პროექტის ფარგლებში, საკონკურსო წესით შერჩეული 20 რეგიონული მედია პარტნიორი (მათ შორის 5 მედიასაშუალება, რომელიც  ეთნიკური უმცირესობების ენაზე გამოიცემა ან მაუწყებლობს) ”ინტერნიუსი -საქართველოსგან” მცირე გრანტს (4200-4500 აშშ დოლარი) და საკონსულტაციო მხარდაჭერას მიიღებს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ შერჩეული მედიაპარტნიორები  სხვადასხვა ჟურნალისტური ფორმატისგან (თოქ-შოუ, დოკუმენტური ფილმი ან აუდიო დოკუმენტური, ვრცელი ბეჭდური ან ვებ სტატია, მულტიმედიური მასალა) შემდგარ  3-5 თემატურ პაკეტს მოამზადებენ. მასალები ევროკავშირის, ნატოს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე მომზადდება ადგილობრივი ინტერესებისა და საკითხების გათვალისწინებით.

ადგილობრივ მედიაორგანიზაციებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და კონსულტაციები, რაც ჟურნალისტური ოსტატობის კუთხით მათი უნარების გაძლიერებას ისახავს მიზნად. მენტორების დახმარებით, ადგილობრივი პარტნიორები  ახალი უნარების პრაქტიკაში გამოყენებას შეძლებენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: თიკო ნაჭყებიას, პროექტის დირექტორს (ტელ: 595 977 375, ელ. მისამართი: tiko@internews.ge) ან ეკა ბერიძეს, პროექტის კოორდინატორს (ტელ: 557 363 056, ელ. მისამართი: eka@internews.ge) მისამართი: ანდრია აფაქიძის ქუჩა #11, თბილისი

პროექტის პრეზენტაცია  ხუთშაბათს, 24 იანვარს, 13:00 საათზე, ქორთიარდ მარიოტში (თავისუფლების მოედანი #4) გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *