2021 წლის 7 ოქტომბერს, „ინტერნიუსი-საქართველოს“ორგანიზებით ჩატარდა პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი“ მეოთხე წლის ონლაინ დასკვნითი შეხვედრა. პროექტი ხორციელდება ინტერნიუსის და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს SIDA დაფინანსებით და ხელს უწყობს მედიაორგანიზაციებს განახორციელონ აუდიტორიის საინფორმაციო საჭიროებებზე მორგებული ინიციატივები, მიიღონ ინოვაციური გადაწყვეტილებები, გაზარდონ აუდიტორიაზე წვდომა, გააუმჯობესონ კონტენტი და ფინანსური მდგრადობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ, დონორი ორგანიზციის წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორი მედიასაშუალებები, კონსულტანტები და პროექტების შემრჩევი კომისიის წევრები. შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯამეს პროექტის შედეგები, გამოწვევები და გაუზიარეს ერთმანეთს პროექტიდან მიღებული გამოცდილება.
ხატია ჯინჯიხაძემ (ფონდი ღია საზოგადოება საქართველო) მიმოიხილა საქართველოში არსებული მედია გარემო და ყურადღება გაამახვილა მედია სექტორის როლზე 5 ივლისის მოვლენების შემდეგ ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში და აღნიშნა, რომ უაღრესად პოლარიზებული პოლიტიკური ველის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიაორგანიზაციებმა გამოიჩინონ სოლიდარობა ჟურნალისტების უფლებების მიმართ, დაიცვან ეთიკის სტანდარტები და კეთილსინდისიერად ემსახურონ საზოგადოების ინტერესებს.
პროექტის მეორე და მეოთხე წლების პარტნიორებმა (ტვ 25, რადიო-ტვ ნორი, Mtisambebi.ge, Publika.ge and Kutaisipost.ge) შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს პროექტის შედეგები და წარმატების მაგალითები, რასაც პროექტით დაგეგმილი კონსულტაციებით მიაღწიეს: „პროექტის მხარდაჭერით ჩაგვიტარდა ჩვენს საჭიროებებსა და გამოწვევებზე მორგებული კონსულტაციები. ტვ 25 -ის გუნდმა შეიძინა ის სასარგებლო ცოდნა და უნარები, რასაც სამომავლოდაც გამოიყენებს კონტენტის გასაუმჯობესებლად და ყოველდღიურ საქმიანობაში.“ – სულხან მესხიძე (ტვ 25). „პროექტში მონაწილეობა ჩვენთვის იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ახალი, განსხვავებული კონტენტის შესაქმნელად და ახალი აუდიტორიის მოსაზიდად. ექსპერტების რეკომენდაციები დაგვეხმარა მკაფიო წარმოდგენა შეგვექმნა ჩვენი მედიის კომერციულ შესაძლებლობებზე და გაგვეზარდა აუდიტორიასთან ინტერაქცია ჩვენს სოციალური ქსელებში“ – ლიკა ზაკაშვილი (Publika.ge).” პროექტი დაგვეხმარა მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ქალების შესახებ რეპორტაჟების მომზადებაში და ინსტაგრამ გვერდის გააქტიურების სტრატეგიის დაგეგმვაში” – გელა მთივლიშვილი (Mtisambebi.ge), „პროექტის ფარგლებში შექმნილმა კონტენტმა მოგვცა თემში იმუნიზაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების და ამ საკითხზე გავრცელებული დეზინფორმაციის შემცირების შესაძლებლობა – ბორის კარსლიანი (რადიო ტვ „ნორი“). „პროეტის მხარდაჭერით kutaisipost.ge – ის ვებგვერდზე შევქმენით ციფრული ტურისტული პლატფორმა, სადაც თავმოყრილია აუდიტორიისთვის სასარგებლო ინფორმაცია ჩვენი რეგიონის ღირშესანიშნაობების შესახებ. ეს დაგვეხმარა, როგორც ვებგვერდის გამრავალფეროვნებაში, ასევე კონტენტის გაუმჯობესებასა და შემოსავლების ზრდაში“ – თეა ზიბზიბაძე (kutaisipost.ge)
პროექტის კონსულტანტებმა შეაჯამეს პროექტის პარტნიორ მედიაორგანიზაციებთან ჩატარებული სამუშაო და აღნიშნეს, რომ დღეს მედიების მუშაობა უფრო მრავალფეროვანი და შედეგზე ორიენტირებულია, მათ შორის განვითარების გეგმების შემუშავების, კონტენტის გაუმჯობესების, აუდიტორიის, შემოსავლების ზრდის და მდგრადობის შენარჩუნების კუთხით.