ეკონომიკის საკითხებზე ტრენინგების ციკლი ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

“ინტერნიუსი საქართველო” ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან პარტნიორობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, იწყებს ახალ პლატფორმას “MediaTOR – მედიის გაძლიერება ეკონომიკური რეფორმების გაშუქების მიზნით”, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ეკონომიკური მმართველობის განვითარების პროცესში მედიის ჩართულობის გაზრდასა და  მედიასაშუალებების მხარდაჭერას ეკონომიკის საკითხებზე, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ფაქტებზე დაფუძნებული, ხარისხიანი  ჟურნალისტური მასალების მომზადებაში.

პროექტის ფარგლებში „ინტერნიუსი საქართველო“, ეკონომიკის საკითხებზე ხარისხიანი ჟურნალისტური მასალების მომზადების ხელშეწყობის მიზნით, რეგიონული თუ ცენტრალური მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის (ჟურნალისტი, რედაქტორი) სამი კომპონენტისაგან (ეკონომიკის საკითხების გაშუქება, ახალი მედია, მონაცემთა ჟურნალისტიკა) შემდგარ ონლაინ ტრენინგების ციკლს ჩაატარებს.

ონლაინ ტრენინგები 2021 წლის ნოემბერში დაიწყება და 2022 წლის მარტში დასრულდება. ტრენინგებს დარგის ექსპერტები, გამოცდილი ჟურნალისტები გაუძღვებიან:

მაკა ანთიძე – ჟურნალისტიკაში 30 წელზე მეტი გამოცდილებით, 1988 წლიდან აშუქებს საქართველოსა და კავკასიის რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებას. მას აქვს საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში პოლიტიკური, ეკონომიკური ასპექტებისა და ბიზნესის გაშუქების დიდი გამოცდილება. მარგარიტა ტომსონ როიტერსის სამხრეთ კავკასიის ბიუროს 1996 წელს შეუერთდა, 2002-2020 წლებში იყო ბიუროს მთავარი კორესპონდედნტი. ამჟამად ის ასწავლის GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაში ბიზნესის გაშუქებას.

ელენე კვანჭილაშვილი – Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი და BMG-ის სივრცეში საავტორო გადაცემის – “ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად” -წამყვანია. ჟურნალისტიკაში მისი ძირითადი ინტერესის სფეროა ბიზნესი და ეკონომიკა, პოლიტიკა, რეგულაციები, ძირითადი ტენდენციები და გავლენა.  2019 წელს პოლიტიკის კვლევის ცენტრისთვის (EPRC) შეისწავლა მუზეუმების კომერციალიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რის საფუძველზეც მოამზადა პოლიტიკის რეკომენდაციები. ელენე GSAC-ის მოწვეული ექსპერტია. 

ნინო ბაქრაძე – გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” დამფუძნებელია. მას აქვს 10 წლიანი ჟურნალისტური საქმიანობის გამოცდილება, აქედან 7 წელი მუშაობს საგამოძიებო მასალებზე. მუშაობდა „პანამისა“ და „პანდორას დოკუმენტების“ საერთაშორისო პროექტზე. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე კითხულობს სალექციო კურსს მონაცემთა ჟურნალისტიკაში.

პროექტის ფარგლებში, „ინტერნიუსი საქართველოს“ მიერ ორგანიზებული მედია ტრენინგების პარალელურად, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ შეიქმნება მუდმივად განახლებადი პორტალი, რომელზეც განთავსდება ინფორმაცია (რელევანტური ეკონომიკური მონაცემების, კვლევების თუ ეკონომიკური სფეროს სხვა სიახლეების შესახებ) შერჩეული ეკონომიკური რეფორმების ირგვლივ. მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომი იქნება მედიის წარმომადგენლებისათვის, რაც მათ ხარისხიანი, სიღრმისეული მასალების მომზადებაში დაეხმარება.

ტრენინგების ციკლში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული განაცხადი (გთხოვთ, ჩამოტვირთოთ სააპლიკაციო ფორმა, შეავსოთ და გამოაგზავნოთ მითითებულ ელ. მისამართზე) უნდა გამოაგზავნონ 12 ნოემბრის 18:00 საათამდე მისამართზე tiko.nachkebia@gmail.com

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ

სააპლიკაციო ფორმა 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *