„ინტერნიუსი-საქართველო“ მედიის თავისუფლების დამატებით გარანტიებს ითხოვს

„ინტერნიუსი-საქართველო“ მედიაზე ზეწოლად და სიტყვის თავისუფლების უხეშ დარღვევად მიიჩნევს „TV პირველიდან“ მასალების ამოღების უფლებას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ  პროკურატურას  მისცა.

ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლოს შესაბამისი განჩინება დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს  და ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა, “TV პირველიდან” ამოიღოს ბერა  ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები. ჟურნალისტური წყაროს დადგენის მიზნით

ამასთან, საქართველოს მთავარი პროკურატურა დამატებით განმარტავს, რომ “TV პირველს” უფლება აქვს არ გადასცეს მათ ის “ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი”, რომლის ამოღების უფლებაც სასამართლოსგან ითხოვეს. თუმცა, „ინტერნიუსი-საქართველოს“ მიაჩნია, რომ სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება არის უპრეცენდეტნტო და საფრთხეს უქმნის  მედიის დამოუკიდებლობას.
რამდენადაც  ხელისუფლების ერთ-ერთმა შტომ ასეთი პრეცენდენტი უკვე დაუშვა, არ არსებობს გარანტია, რომ მომავალში დაცული იქნება ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალობა. ამდენად, „ინტერნიუსი-საქართველო“ ითხოვს:

1. ხელისუფლებამ უარი თქვას მედიაზე ყველა სახის, მათ შორის, მსგავსი ზეწოლისგან.
2. ევროკავშირის ფასილიტატორთა მეცადიონეობით  ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის დადებულ ექვსპუნქტიან  შეთანხმებას დაემატოს მეშვიდე პუნქტი, რომლის თანახმად, პოლიტიკური სუბიექტები აიღებენ უპირობო ვალდებულებას მედიის თავისუფლების დასაცავად.

„ინტერნიუსი-საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს მეგობარი ქვეყნების დიპლომატებს, ევროკავშირის ფასილიტატორებს და მედიატორებს, საქართველოს პოლიტიკურ სპექტრი დაითანხმონ  ხსენებულ შეთანხმებაში მედიის შესახებ დამატებითი პუნქტის შეტანაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *